„კრება ფლორენციისა“ - ტექსტის პუბლიკაციისთვის
Main Article Content
ანოტაცია
ფლორენციის კრება შუა საუკენეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც გასცდა ორი ეკლესიის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ვატიკანისა და კონსტანტინეპოლის, ურთიერთობას, რომელმაც გადაწყვიტა არა მარტო კონსტანტინეპოლის ბედი, არამედ დაწერა შემდგომი საუკუნეების და ეპოქების ისტორია, შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება, პოლიტიკური სუბიექტები მსოფლიო რუკაზე, შექმნა ახალი რეალობა. ეს რეალობა დრამატულად აისახა საქართველოზე. კონსტანტინეპოლის დაცემიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ საქართველო დაიშალა ხუთ სტრუქტურულ ერთეულად: სამ სამეფოდ, ორ სამთავროდ და სამცხე-საათაბაგოდ. ეს, მართალია, უფრო მეტად შიდა სისტემური პრობლემა იყო, მაგრამ ამგვარი შედეგი მიმდინარე გლობალურმა ცვლილებამაც, როგორც ნეგატიურმა მოვლენამ, გამოიწვია.
საქართველო, როგორც მსოფლიოს ნაწილი, ქრისტიანთა ყურე მუსლიმურ სახელმწიფოთა გარემოცვაში, აქტიურად მონაწილეობდა კრებაზე. ჰქონია თავისი გამოკვეთილი პოზიცია. როგორც ცნობილია, ქართველი წარმომადგენლები არ იყვნენ უნიის მომხრე და არც დაფიქსირებულა მათი ხელმოწერა ამ აქტზე. სამწუხაროდ, ქართულ წერილობით წყაროებში ფლორენციის კრების თაობაზე ინფორმაცია ძალიან მწირია. თხზულება „კრება ფლორენციისა“ ნათარგმნი ძეგლია, სადაც აღწერილია კრების შეკრების მიზეზი, თანმიმდევრობა და შედეგი. მართალია, აქ არაფერია ნათქვამი კრების ქართველ წარმომადგენლობაზე, მაგრამ როგორც ამ ისტორიული მოვლენის ამსახველი წყარო საკმაოდ მნიშვნელოვანია წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით.