ეფთვიმე მთაწმინდელის ხსენება ბერძნულ ეოროტოლოგიონში
Main Article Content
ანოტაცია
სტატია ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ბერძნულ ხელნაწერს, ეფთვიმე მთაწმიდელისადმი მიძღვნილ საეკლესიო განგებას (gr.24), რომელიც პლატონ იოსელიანმა1849 წელს ათონის მთაზე ყოფნისას გადააწერინა და ჩამოიტანა საქართველოში. განგება შეიცავს მწუხრის და ცისკრის სრულ რეპერტუარს სტიქარონებით და ორი საცისკრო კანონით. განგების ტექსტშივე ჩართულია ლიტურგიის საკითხავები ძველი აღთქმიდან (სიბრძნე სოლომონისა). განგების ორი კანონიდან მეორე არის სრული რვაოდიანი. მეორე კანონის ფარგლებში გაერთიანებულია თითოეულ ოდაში რამდენიმე ტროპარი, რომელთაგან ნაწილი აკროსტიქში არ მონაწილეობს. აკროსტიქის ტროპარების ავტორად დასახელებულია სათაურშივე მანუილ დიდი ეკლესიის რიტორი. ბერძნული წყაროების მიხედვით მანუილი იყო მე15-16 ს-ეების მოღვაწე, ცნობილი ჰიმნოგრაფი. იგი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ხარტოფილაკი და საღვთისმეტყველო სკოლის მასწავლებელი და ავტორიტეტული პიროვნება იყო.
პლატონ იოსელიანი მიუთითებს, რომ ეს საგალობლები გადაწერილია ბერძნული ეორტოლოგიიდან (სადღესასწაულოდან). ეფთვიმე მთაწმიდელისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული კანონი საინტერესო მხატვრულ სახეებს შეიცავს. რვაოდის თითოეულ სტროფში შესხმულია ეფთვიმე მთაწმიდელი, როგორც ჭეშმარიტი მონაზონი, ასკეტური ღვაწლით მისაბაძი მოღვაწე, წმინდა წერილის ქართულად მთარგმნელი და ქართველთათვის ახალი ოქროპირი.
ცნობილია იოანე და ეფთვიმე მთაწმინდელების ცხოვრების XVIII ს-ში დაწერილი ბერძნული რედაქცია. სხვა ბერძნულენოვანი ტექსტი ეფთვიმეს შესახებ ცნობილი არ იყო. აღნიშნული საგალობლის აღმოჩენით გამოჩნდა XV- XVI სს-ების მიჯნაზე მოღვაწე ავტორის მანუილ რიტორის მიერ დაწერილი საგალობელი. ჰიმნოგრფიული კანონის ტექსტში გამოკვეთილია ეფთვიმეს ასკეტური მოღვაწეობა და ქართული მწიგნობრობის ისტორიაში მისი ღვაწლის მნიშვნელობა. ჩვენი დაკვირვებით, საგალობელი ეფუძნება ეფთვიმეს მოღვაწეობის შესახებ ზეპირ, ტრადიციით გადმოცემულ ცოდნას. ინფორმაციულად მწირია და აქცენტირებულია წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელის მონაზვნური მოღვაწეობა. აღნიშნული საგალობლის სახით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ივირონში ქართველ მოწესეთა შემცირების მიუხედავად, ეფთვიმე მთაწმინდელის სახელი მაინც განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებოდა.
საინტერესოა, თუ რამ განაპირობა XVI საუკუნეში მანული რიტორის მიერ ეფთვიმე მთაწმიდელისდმი მიძღვნილი ჰიმნოგრაფიული განგების შექმნა? ცნობილია, რომ ამ დროს საზღვარგარეთის ქართულ სამონასტრო კერებს დახმარებას უწევდენენ სამცხის ათაბაგები ყვარყვარე II(1451- 1498) და მზეჭაბუკი(1500- 1515). ათაბაგების ღვაწლთან მიმართებით მოვიხმობ XVI საუკუნეში შექმნილ ერთ ბერძნულ ტექსტს, რომელიც ბერძენმა ისტორიკოსმა სპირიდონ ლამპროსიმ გამოსცა 1909წელს. ეს ტექსტი აწყურის ღვთისმშობლის ხატის სასწაულთა თხრობას შეიცავს და მისი შემქმნელიც არის მანუილ რიტორი, ტექსტის ბოლოს დართულია ქაიხოსრო ათაბაგისა და მისი ძმის მზეჭაბუკის შესხმა, მათი მოღვაწეობის ქება. ეს ტექსტი რუსული თარგმანით გამოსცა მეცნიერმა ჰრაჩ ბართიკიანმა[1]. ბერძნული ტექსტის გამომცემელი და ბართიკიანიც ყურადღებას ამახვილებენ პოსტბიზანტიურ ეპოქაში სამცხის ათაბაგების ურთიერთობაზე ბერძნებთან.
ამ ტექსტიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მანუილ რიტორი პირადადაც იცნობდა სამცხელ ათაბაგებს. ვინაიდან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს ხარტოფილაკი და დიდი რიტორი ხშირად იმყოფებოდა ივირონში, როგორც ამას აღნიშნავს მკვლევარი გ. პაპადოპულოსი. XV-XVI საუკუნეებში სამცხის სკრიპტორიუმში შექმნილი არაერთი ხელნაწერის ანდერძ-მინაწერებში იხსენიება ათაბაგების მიერ ათონის ივერთა მონასტრისთვის გაღებული შეწირულობის შესახებ. ამგვარი ინტენსიური ურთიერთობის არსებობა სამცხის ათაბაგებსა და ივირონს შორის, ასევე მანუილ რიტორის მიერ შექმნილი ,,თხრობა“ გვაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია, ეფთვიმე ათონელისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრფიული კანონიც სწორედ ათაბაგთა დაკვეთით დაწერა მანუილ რიტორმა. შემდეგ ეს ტექსტი შევიდა ბერძნულ „ეორტოლოგიონში“ და შემთხვევითი არ არის, რომ ამ საგალობლის ყველაზე ადრეული ხელნაწერი სწორედ ივირონის კოლექციაში აღმოჩნდა. ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ სამცხის ათაბაგები ივირონის აღმშენებლობასთან ერთად მისი კტიტორის სახელის აღორძინებაზეც იფიქრებდენენ.
ამრიგად, Gr.24-ში არსებული მანუილ რიტორის მიერ დაწერილი ეფთვიმე მთაწმინდელისადმი მიძღვნილი ჰიმნოგრფიული კანონი ერთადერთი ადრეული ბერძნული ტექსტია, რომელიც ივირონის კტიტორის ხსენების დღეს 13 მაისს სრულდება მონასტერში მისი შექმნის დროიდან დღემდე.