ტოპონიმი ჯგერილია//ჯგირელია და ქრისტიანული ღვთისმსახურების ენა ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოში

Main Article Content

იგორ კეკელია

ანოტაცია

წინარექრისტიანულ და ქრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, დღეს აფხაზეთად სახელდებულ ტერიტორიაზე ბერძნული კოლონიების არსებობისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ბერძენთა საქმიანი, სავაჭრო, პოლიტიკური, რელიგიური ურთიერთობების პირობებში, ყოველი ენა და განსაკუთრებით დიდი კულტურის მქონე ბერძნული ენა, გავლენას ახდენდა ადგილობრივი ხალხის ენაზე. ცხადია, პირველი ქრისტიანი მქადაგებლები - ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ეგრის-აფხაზეთში, ბერძნულად ეწეოდნენ პროპაგანდას და, ა. ბაქრაძის მოსაზრებით, ამასთანავე, ყოველთვის ცდილობდნენ დამწერლობისა და მწიგნობრობის შექმნას ადგილობრივ ენაზე, რადგან ხალხისათვის ქრისტეს მოძღვრების მშობლიურ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე ქადაგება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.


დამოწმებული და გაანალიზებული წერილობითი წყაროებით, საზოგადო ლექსიკით და ტოპონიმებით ნათელი ეფინება იმ ფაქტს, რომ IV-IX საუკუნეებში ბიზანტიის ძლიერი პოლიტიკურ-რელიგიური გავლენის ქვეშ მყოფი კოლხეთის შავიზღვისპირეთში, საეკლესიო ღვთისმსახურება, ბერძნული ენის პარალელურად, ფრაგმენტულად მაინც, ადგილობრივ, კოლხურ (ზანურ) ენაზეც მიმდინარეობდა. არც ისაა გამორიცხული, რომ საოჯახო თუ საეკლესიო განათლების წყალობით კოლხეთის ადგილობრივი ელიტარული საზოგადოება ბერძნულს, როგორც ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებას, ძალიან კარგადაც ფლობდა, რამაც განაპირობა ყველაზე აუცილებელი საღვთისმეტყველო, ქრისტოლოგიური ტერმინების გადმოღება კოლხურში, თარგმნის, კალკირების ან მშობლიური ენის წიაღში ეკვივალენტების მოძიების გზით.


თქმულის დასტურად უნდა მივიჩნიოთ ტოპონიმი ჯგერ ილია//ჯგირ ელია ,,წმინდა ელია“ - მინდვრისა და წყაროს სახელწოდება ეკის მთის კალთაზე, სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი).

საკვანძო სიტყვები:
ტოპონიმი, ეკლესია, ღვთისმსახურება, ენა, ქადაგება, ქრისტოლოგია, სტატუსი, პოლიტიკა
გამოქვეყნებული: Jan 9, 2021

Article Details

სექცია
ლინგვისტიკა, ონომასტიკა