წერა-კითხვის საზოგადოების ახალციხის განყოფილების საგანმანათლებლო საქმიანობა გამაჰმადიანებული ქართველი მოსახლეობისათვის
Main Article Content
ანოტაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
1907 წლის 21 მარტს მთავრობის მიერ დამტკიცებული
ახალი წესდების საფუძველზე 1913 წლის 13 ნოემბერს დაარსდა
ახალციხის განყოფილება. ახალციხის განყოფილებაში გაერთიანდნენ ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები. ადამიანები,
რომლებიც სამცხე-ჯავახეთში თავიანთი მრავალმხრივი
საზოგადოებრივი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. განყოფილება
თოთხმეტი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სათაო
ოფისთან ერთად 1927 წელს შეწყვიტა მოქმედება. საზოგადოების
პირველი თავმჯდომარე იყო დიმიტრი ხახუტაშვილი. 1917 წლის 14
მაისს ქალაქის გამგეობაში ჩატარდა ახალციხის განყოფილების
მორიგი კრება. გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ზაქარია
ჯინჭველაძე.
ახალციხის განყოფილება სათაო საზოგადოების მემკვიდრე
იყო და შესაბამისად ყველა იმ საქმის გამგრძელებელი, რასაც იგი
სამი ათეული წლის მანძილზე ახორციელებდა. განყოფილებამ
კარგად შეისწავლა აღნიშნული დროისათვის სამცხე-ჯავახეთში
განათლებისა და კულტურის სფეროში შექმნილი მდგომარეობა და
კულტურულ-საგანამანათლებლო ქსელი. ამის შესაბამისად განაგრძო
თავისი მოღვაწეობა.
განყოფილების გამგეობამ უპირველეს მიზნად დაისახა
სკოლების გახსნა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები გამაჰმადიანებული
ქართველი მოსახლეობისათვის.Gგამგეობის პირველსავე კრებაზე
გამოიკვეთა პირველი განსახორციელებელი ღონისძიება. კერძოდ, სკოლების დაფუძნება შემდეგ სოფლებში: ოშორაში, აგარაში,
კლდესა და ტატანისში. მოძიებული მასალებიდან აღმოჩნდა, რომ
სოფელ ღრელის მცხოვრებლებმა ახალციხის განყოფილებას თვითონ მოსთხოვეს, რომ შესულიყვნენ მათ მდგომარეობაში და აღმოეჩინათ
დახამარება სკოლის შენობის აგებაში და გადაგვარებისაგან
დაეხსნათ პატარა ქართველები. თავისი არსებობის განმავლობაში განყოფილება ზრუნავდა არამარტო სკოლების, არამედ ბიბლიოთეკების ქსელის გაფართოებაზეც
სამცხე-ჯავახეთში. ასევე დიდ ყურადღებას იჩენდა ისტორიული
ძეგლების მოვლა-პატრონობის საქმეშიც. აქტიურად მონაწილეობდა
სათაო საზოგადოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში.
მიუხედავად დიდი მცდელობისა, საზოგადოების საქმიანობა,
იმთავითვე დადებითად არ შეფასებულა, რაც მრავალი მიზეზით
აიხსნება. განყოფილების მუშაობის შედეგების უმთავრესი მიზეზი
კი უსახსრობა იყო.