ლექსი "ამაოება" აკაკი წერეთლის პოეზიაში
Main Article Content
ანოტაცია
აკაკი წერეთლის პოეზიაში დასმული პრობლემები უსაზღვრო და ამოუწურავია. მისი შემოქმედების ღრმა იდეურობა შემოქმედის განსაკუთრებულობას გამოკვეთს, რაც ნათლად იგრძნობა მის ლირიკაშიც. აკაკი წერეთლის პოეზიის ნათელი სხივი ბნელის განმფანტველია, როგორც ღვთაება წუთისოფელში და რელიგიური სამოსით დაფარული პოეტის მხატვრული სიტყვა ამქვეყნიური ტკივილებით აღბეჭდილ მთელ რიგ წუთისოფლურ პრობლემებს მოიცავს.
აკაკი წერეთლის პოეზიაში ღირებული ადგილი უჭირავს ლექსს "ამაოება", რომელშიც სხვა თვალით იხილვება წუთისოფელი, მასში მცხოვრები ადამიანის არსებობა, რომელიც ხან აღმა სვლით არის აღბეჭდილი, ხან დაღმა სვლით, ამიტომ წუთისოფელში ყველა ადამიანი ერთია, დიდიც და მცირეც, წინა მავალიც და უკანაც, ხან წაღმაა ცხოვრება და ხან უკუღმა... მხოლოდ ღმერთი არის დიდი და უცვალებელი...
საანალიზო ლექსთან ზიარებისას, პირველ რიგში, ბიბლიური მსოფლმხედველობა იჩენს თავს. პოეტი ლექსით "ამაოება" ნათლად წარმოაჩენს იმას, რომ ყველა ადამიანი განურჩევლად ერთია და შეაგრძნობინებს ამქვეყნიური ცხოვრების დროებითობას, წარმავლობას და მიღმურის მარადიულობას. აკაკი წერეთელი მოკვდავთ ასწავლის ადამიანთა თანასწორობას, რაც ღმერთის მიერ სამყაროს შესაქმის საფუძველში ძევს და შეაცნობინებს წუთისოფლის სიავკარგეს, როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვროს ადამიანმა, გააცნობიეროს საკუთარი მისია, რაც მდგომარეობს სიკეთის ქმნაში, რომელიც წუთისოფელში ჭირისა და განსაცდელის გარეშე ვერ მიიღწევა, რადგან მოყვასის თანადგომის, სიყვარულის, სიკეთის ქმნის გზა ძნელია და ვიწრო, როგორც უფლისაკენ მისასვლელი გზა, მაგრამ დაიძლევა ღმერთის სიყვარულით, მის მცნებებთან, სათნოებებთან ზიარებით.
აკაკი წერეთელი ლექსით "ამაოება" კავშირს ამყარებს წუთისოფელსა და მარადიულს, ადამიანსა და ღმერთს შორის, მოკვდავსა და უკვდავს შორის, რადგან ეს კავშირი სრულყოფს სიცოცხლის მარადმედინობას და გარკვეულ შინაარსს სძენს ორივე სიცოცხლეს. ორივე სოფლის სიამის ჭრილში დანახული სიცოცხ-ლე, ადამიანის არსებობა მთავარ საკითხად არის მოაზრებული აკაკი წერეთლის ყველა ჟანრის ნაწარმოებში და ამით მისი შემოქმედება სამყაროს ერთმთლიანობის მომასწავებელია.