განათლების ენა, მისი მნიშვნელობა და ბილინგვური განათლების პერსპექტივები სამცხე-ჯავახეთში

Main Article Content

Maka Kachkachishvili-Beridze
Lali Beridze

ანოტაცია

ენის გამოყენების სფეროებიდან განათლება ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ფართო სფეროა. განუზომლად დიდია განათლების ენის მნიშვნელობა საქართველოს ისეთ რეგიონში, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე წარმოვადგენთ განათლების ენის მნიშვნელობას და ბილინგვური განათლების პერსპექტივებს. რეგიონში ქართველ მოსახლეობასთან ერთად ცხოვრობს არაქართველი (სომეხი) მოსახლეობაც. მათ ყველა პირობა აქვს შექმნილი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთარი კულტურული ინტერესების დაკმაყოფილების, პრესის, თეატრის, ხელოვნების სხვა დარგების განვითარების თვალსაზრისით. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს არ უხდებათ კულტურული ორიენტაციის შეცვლა უმრავლესობასთან სრული ინტეგრაციისთვის. სამცხე-ჯავახეთში არსებული რეალობა, თანაცხოვრების დამკვიდრებული წესი აძლევს მათ საშუალებას, რომ შეინარჩუნონ, დაიცვან მშობლიური ენა და გადასცენ შემდგომ თაობებს, აგრეთვე იყვნენ აბსოლუტურად ადეკვატური და მომზადებული სახელმწიფო ენისა და ქართული კულტურის, სოციალური გამოწვევების წინაშე. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აქვე შევეხოთ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ გლობალური ბილინ-გვიზმის საკითხს, რომლის ფორმულაც ასეთია – ინგლისური ენა + მშობლიური ენა. აღნიშნული მოვლენის გავრცელებას, ჩვენი აზრით, ხელი შეუწყო ამ პერიოდში მიმდინარე ისტორიული და ეკონომიკური პროცესების განვითარებამ, რომელმაც ინგლისური აქცია პრესტიჟულად მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში, როგორც ენობრივი უმრავლესობის, ისე ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელთა შორის. მოვლენა გავრცელდა საქართველოში და ინგლისურის შესწავლის საკითხი საკმაოდ აქტუალურ პრობლემად იქცა სამცხე-ჯავახეთში. მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუკი მისი შვილი სკოლაში სათანადოდ ისწავლის ინგლისურს, ეს მას შემდგომში გაუადვილებს უცხოურ შრომის ბაზარზე ადგილის მოპოვებას.
საქართველოში დღეს პირველად დაისვა ორენოვანი განათლების საკითხი. იგი ჯერ კიდევ გადაწყვეტის პროცესშია და, ბუნებრივია, თავის დროზე გარკვეულ გავლენას იქონიებს სამცხე-ჯავახეთში არსებულ ენობრივ სიტუაციაზე. ვინაიდან დღეს უკვე რეალურად არსებობს სკოლები, სადაც ინერგება ბილინგვური სწავლება, საჭიროდ მივიჩნიეთ, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება. უშუალოდ გავეცანით ბილინგვური სწავლების პირველ შედეგებს, დავინტერესდით მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებებით ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩატარებული გამო-კითხვით შეფასდა მოსწავლეების ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარების დონე. ბილინგვური სწავლება და ადგილობრივი არაქართულენოვანი სკოლების რეფორმირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ინტეგრაციის მისაღწევად. მიზანშეწონილია, რომ მულტილინგვური განათლება სკოლის ნებაყოფლობით არჩევანს ეყრდნობოდეს.

საკვანძო სიტყვები:
სამცხე-ჯავახეთი, ბილინგვური განათლება, განათლების ენა, ინტეგრაცია, მოტივაცია, სახელმწიფო ენა
გამოქვეყნებული: Jan 9, 2016

Article Details

სექცია
განათლება, პედაგოგიკა