„ისნის კარვის“ იდეა და კონსტიტუციური მონარქიისა და ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მცდელობა XII საუკუნის საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში ახლებურადაა გააზრებული თამარ მეფის ეპოქაში
მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ყუთლუ-არსლანის დასის
გამოსვლა მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ მიერ
დაყენებული უმნიშვნელოვანესი მოთხოვნები.
ეს იყო იმდროინდელ მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როცა
ხელისუფლების დანაწილების საკითხი რეალურად დადგა დღის
წესრიგში.
ნაშრომში თანმიმდევრულად გაანალიზებულია ყუთლუ-არსლანის
დასის გამოსვლა და მათი მოთხოვნები, სხვადასხვა
ავტორთა განსხვავებული შეხედულებანი ყუთლუ-არსლანის დასის
შესახებ, მოვლენის ისტორიული მნიშვნელობა და შედეგები.
დამარცხების მიუხედავად, გაკეთებულია ახლებური დასკვნები და
შეფასებები.
ჩვენ მიერ გაკეთებულია დასკვნა, რომ მაშინდელი საქართველოს
სოციალ-ეკონომიკური და კულტურული დონე სრულიად
შეესაბამებოდა იმ იდეას, რომელიც დაიბადა საქართველოში და
გააჟღერა ყუთლუ-არსლანის დასმა.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ ყუთლუ-არსლანის
დასის მიერ XII საუკუნეში წამოყენებული „ისნის კარვის“
იდეა არის ქართველთა უმნიშვნელოვანესი ცივილიზაციური წვლილი
მსოფლიო კულტურისა და კონსტიტუციური აზროვნების განვითარებასა
და ისტორიაში.
1184-85 წლებში ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამა
და მათი დაპირისპირება - აჯანყება მეფის წინააღმდეგ - ეს
იყო მესამე წოდების წარმომადგენელთა მიერ ხელისუფლების დანაწილების
რეალური მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა მეფის
ხელისუფლების სერიოზულ შეზღუდვას, თითქმის კონსტიტუციური
მონარქიის დონეზე, ხელისუფლების დანაწილებას, სამეფო
დარბაზთან ერთად პარლამენტის შემოღების მცდელობას ორი
პალატით, რომელშიც მთავარი უნდა ყოფილიყო „კარავი“ ისანში, რომელიც გააკონტროლებდა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, მეფეს კი უტოვებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი კი იყო იმდროინდელ მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდი გარღვევა და უნიკალური მოვლენა, დიდი ცივილიზაციური და კონსტიტუციური აზროვნების ისტორიაში მომხდარი დიდი სიახლე.
ესპანეთში, კასტილიის სამეფოში, კორტესებმა, როგორც ხალხის წარმომადგელობითმა ორგანომ, მოღვაწეობა "ისნის კარვის" შექმნის მცდელობის მერე. 1188 წელს დაიწყო, ინგლისელმა ბარონებმა კი მხოლოდ 1215 წელს შეძლეს მეფე ჯონ უმიწაწყლოსთვის თავზე მოეხვიათ "თავისუფლების დიდი ქარტია", რომლის საფუძველზეც ინგლისში 1265 წელს დაფუძნდა პარლამენტი.