გარეჯული ხელნაწერი მემკვიდრეობა
Main Article Content
ანოტაცია
გვიანფეოდალური ხანის საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრა. XVII-XVIII საუკუნეების საქართველოში იგი იყო ყველაზე მსხვილი შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც ცოცხლად ინახავდა და ავითარებდა საზღვარგარეთული ქართული მონასტრებისა და ქვეყნის შიგნით არსებული საგანმანათლებლო კერების კულტურულ ტრადიციებს. გვიანფეოდალურ ეპოქაში, XVIII–XIX საუკუნეებში, საქართველოსა და უცხოეთში სამონასტრო გაერთიანებებთან იკლო სამწერლობო კერებმა და გადაინაცვლა საერო პირთა, ფეოდალთა სასახლეებში. გარეჯის სამონასტრო გაერთიანება ამ მხრივ უკანასკნელი ინსტიტუცია იყო საქართველოში. დავით გარეჯის ცენტრს გათავისებული ჰქონდა ის პრობლემები, რომლებიც აწუხებდა ქართველ ხალხს, და ცდილობდა თავისი წვლილის შეტანას მათ გადაწყვეტაში. ეკლესიამ, როგორც იდეოლოგიის მძლავრმა იარაღმა და დავით გარეჯის ცენტრმა, როგორც მისმა აქტიურმა ნაწილმა, იკისრეს ხალხში ეროვნული მუხტის გაღვივება რწმენისა და მამულისთვის თავშეწირული ადამიანების ღვაწლის დაფასებისა და წინ წამოწევის გზით. ამ მიზნით მათ ხელი მიჰყვეს ხელნაწერების შეგროვებას, განახლებას, გადაწერასა და ბიბლიოთეკების დაარსებას. XVIII საუკუნის დოკუმენტები ადასტურებს, რომ გარეჯის ბიბლიოფონდში ინახებოდა სასულიერო შინაარსი წერილობითი ნიმუშები, საერო და სამეცნიერო შინაარსის თხზულებები. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი შეასრულა ბესარიონ ორბელიშვილმა. ბესარიონ ორბელიშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული გარეჯის ლიტერატურულ სკოლასთან, როგორც ფიზიკურად, ისე იდეურად. ის იყო დიდი მწიგნობარი: თხზულებათა ავტორი, დამკვეთი, გადამწერიც კი; ასევე, როგორც ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებიდან ირკვევა, იყო მასწავლებელიც.